თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ივნისში 18,7%-ით გაიზარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მთავრობის სწორი პოლიტიკის წყალობით ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა სწრაფად მიმდინარეობს.
„მინდა გამოვეხმაურო „საქსტატის“ მაჩვენებლებს. მოგეხსენებათ, პარასკევს ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი, რომელმაც 18,7% შეადგინა. ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად აპრილში ზრდა იყო 45%-იანი, მაისში – 25%-იანი, ხოლო ივნისში დაფიქსირდა 18,7%.
„მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ბიზნესს, რათა ახალი პროექტების დაფინანსებას ხელი შევუწყოთ. ამისთვის ნათია თურნავა დღეს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ შესაბამისად განახლებულ პაკეტს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოში ნახევარ წელიწადში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 12,8% შეადგინა.