თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik ავსტრიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ SARS-CoV-2–ის ახალი ვარიანტები ბევრ ქვეყანაში შეზღუდვების გაუქმების შემდეგ გავრცელდა. იუწყება РИА Новости ჟურნალ Scientific Report–ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით.
მეცნიერებმა ეპიდემიოლოგიური მოდელი ააგეს და აღმოაჩინეს, რომ მუტაციების გაჩენის რისკები ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ვაქცინირებული მოსახლეობის წილსა და ინფიცირებულების ზღვრულ რაოდენობაზე. გამოთვლების შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელია მოსახლეობის უმრავლესობა – მინიმუმ 60% აიცრას.
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამიანებმა ვაქცინაციის შემდეგაც უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. სპეციალისტების აზრით, თავისუფალი გადაადგილება რისკის შემცველია მსოფლიოში ვაქცინაციის სხვადასხვა ტემპის გამო, ასევე საშიშია ახალი საშიში შტამების გამოჩენის მხრივ პოპულაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები საერთაშორისო დონეზე უნდა შეთანხმდეს, მიიჩნევენ მკვლევარები.