თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგათ.
ეს პარტიებია „გირჩი“ და „ “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და გაყალბებულად მიიჩნევდნენ.
ამასთან, აღნიშნულ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ.
საქართველოს პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგული ჰქონდა, ეს უფლება 2022 წლის პირველი თებერვლიდან უნდა აღდგომოდა. თუმცა საკანონმდებლო ორგანომ შეცვალა ვადა და ის 2021 წლის პირველი აგვისტომდე გადმოსწია.
აღსანიშნავია, რომ „გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო „მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.