თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბისკენ მიმავალ მარშრუტზე მაშველებმა ხევში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან და ჩავარდა მდინარეში, რის გამოც ითხოვდნენ სამაშველო ჯგუფის დახმარებას.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი ხეობიდან ამოიყვანა და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5-კილომეტრი მანძილის გავლის შემდეგ საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანა, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
უწყების ინფორმაციით, უიღბლო ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.