მთაწმინდაზე ტურისტ გოგონას ეძებენ: დაწყებულია გამოძიება

შსს მთაწმინდაზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დაიკარგა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
მაშველებმა 120 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდნილი ტურისტი ამოიყვანეს
დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შსს-ში ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.