თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მომავალი კვირიდან ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება ვაქცინაციის მეტი ხელმისაწვდომობისთვის. მისივე ინფორმაციით, ვირტუალური კაბინეტები დაეხმარება ადამიანებს, ვისაც აცრა სურთ, თუმცა დარეგისტრირებულები არ არიან და ისინი ადგილზე შეძლებენ დარეგისტრირებას.
„ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
თუმცა, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვირტუალურ კაბინეტებში შესაძლოა მცირე დისკომფორტი შეიქმნას.
„ერთადერთი დისკომფორტი რაც შეიძლება შეიქმნას, იქნება, თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნა რიგი. რიგს მოცდა დიდი ხანი არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო. რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ დარჩება აცრის გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ძალიან დაძაბულია. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე და თავი აარიდონ დიდ თავშეყრებს, როგორიცაა, მაგალითად, ფესტივალები.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამავე ვაქცინებზეა ხელმისაწვდომი რეგისტრაციაც.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 157.754 ადამიანი.