თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ხვალ Pfizer-ის ვაქცინის კიდევ 168.000 დოზა შემოვა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ამერიკულ-გერმანული წარმოების პრეპარატის პირველი პარტია (29.500 დოზა) საქართველოში 25 მარტს შემოვიდა. ვაქცინის მეორე პარტია – 28 ათასი დოზა – 14 ივლისს, ხოლო აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა – 24 ივლისს. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესებულია, ამიტომ მან მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში აქტიურობისკეს მოუწოდა.
„ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ არსებობს. ხვალ კიდევ დამატებით Pfizer-ის 168.000 დოზა შემოვა საქართველოში, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.