თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, დაავადების მძიმე გართულებებისა და სიკვდილის რისკს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს, ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებულთა წილი მხოლოდ 0.19%-ია.
„ვაქცინირებულებში დაავადება უმეტესწილად მიმდინარეობდა უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ვაქცინირებულთა მხოლოდ 4%-ს. ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ. 30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ერთ დღე-ღამეში აიცრა 14. 738 ადამიანი. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.