თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოში ოპერირებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია – ლიბანური Middle East Airlines (MEA) იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიბანური ავიაგადამყვანი მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ბეირუთი–თბილისი–ბეირუთის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
კერძოდ, რეისები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის 31 ივლისიდან 18 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით (შაბათი), Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს, 30 ივლისს მიანიჭა.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 74 პროცენტი (375-395 სიხშირე კვირაში) და საჰაერო მიმართულებების 72 პროცენტი.