თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უახლოეს ათ წელიწადში განათლებისა და მეცნიერების ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები წარმოადგინა.
ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე უწყების მიერ შემუშავებული პროგრამების მეშვეობით.
სკოლამდელი და ზოგადი განათლება
განათლების სამინისტრო ამ ეტაპზე ბილინგვალურ განათლებას გეგმავს, რამაც ეთნიკური უმცირესობებისთვის საჭირო საგანმანათლებლო გარემო უნდა შექმნას.
ჩხენკელმა გამოყო მასწავლებლის როლი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში და აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა. ამ მიზნით დაწყებულია მასწავლებლების პროფგანვითარების სქემის გადახედვის პროცესი, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თავად პედაგოგები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასკოლო კულტურისა და გარემოს განვითარება მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის. ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სკოლების მართვის ახალი მოდელის შემუშავებასა და რესურს-ცენტრების გაძლიერებაზე.
„მუშავდება სკოლის მართვის ახალი მოდელი. კერძოდ, მუშავდება სკოლების დიფერენცირებული მართვის მოდელი, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერებასა და მათთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით. ეს გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.
მინისტრი ასევე შეეხო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თემას. მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე აშენდა 174 სკოლა, მთლიანად გარემონტდა 257 სკოლა. გრძელდება სარემონტო–სამშენებლო სამუშაოები და 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. ასევე 2026 წლისთვის ყველა სკოლაში დასრულდება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი. საკოლებში იქნება თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.
„ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად ქართული განათლების ისტორიაში უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
მინისტრის განცხადებით, ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელებისთვის შემდეგი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება, და 2030 წლისთვის ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2.230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
პროფგანათლება – გეგმები
განათლების სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ჩხენკელის თქმით, დაგეგმილია კერძო და სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების ქსელის განვითარება, რათა 2032 წლისთვის შესაძლებელი იყოს მაღალი კლასის სხვადასხვა პროფილის 100 ათასი სპეციალისტის მომზადება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს 2020 წელს დამტკიცებული EQAVET (პროფესიული განათლების ევროპული ხარისხის ქსელი) ინდიკატორების შესაბამისი სტანდარტის დანერგვა. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი ახალი სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს, რაც განამტკიცებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას.
განათლების სამინისტრო გეგმავს უცხოურ სასწავლებლებთან ერთობლივი პროგრამების წახალისებას, უცხოელი სტუდენტების მოზიდვას, სასწავლებლებში გაჩნდება უცხო ენების ცენტრები. გაცვლით პროგრამებს შესთავაზებენ როგორც სტუდენტებს, ისე მასწავლებლებს.
ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველომ 2021 წლიდან მართვის უპრეცედენტო ინოვაციური მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო და სახელმწიფო სექტორების პარტნიორობის მეშვეობით დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართავს დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება.
განათლების სამინისტროს ათწლიანი გეგმის თანახმად, პროფგანათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მლნ ლარს მიაღწევს.
უმაღლესი განათლება
უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების ხელშეწყობა – უმაღლესი განათლების სფეროში უწყების მთავარი მიზნებია.
ჩხენკელის განცხადებით, უწყება აპირებს განაგრძოს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, განავითაროს სასწავლო გარემო, რომელიც ადაპტირებული იქნება სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროებებზე, უნივერსიტეტები აღიჭურვება ადაპტირებული სასწავლო მასალებით, სპეცტექნიკითა და რესურსებით.
სამინისტროს კიდევ ერთი ამოცანა ამ მიმართულებით არის უმაღლესი განათლების ეფექტური დაფინანსების მოდელისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბება.
ამჟამად განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობს. ახალი მოდელის დანერგვის შედეგად უნივერსიტეტები შეძლებენ სტრატეგიული განვითარების მიმართულებების დაგეგმვას, სასწავლო ლაბორატორიებისა და პროგრამების მოდერნიზებას, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებასა და პერსონალისთვის ხელფასების მომატებას.
მინისტრი მიიჩნევს, რომ რეფორმების განხორციელების შედეგად ქვეყანას უმაღლესი განათლების უფრო სრულყოფილი სისტემა ექნება, ხოლო გეგმის განსახორციელებლად გაიზრდება უმაღლესი განათლების ბიუჯეტი, რომელიც 2030 წლისთვის 270 მლნ ლარს მიაღწევს.
მეცნიერება და საქართველო
მეცნიერების მხარდაჭერა და გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩხენკელის განცხადებით, სამეცნიერო სფეროს პრიორიტეტები პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში განისაზღვრება.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას, რისთვისაც გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა, გაფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, დაინერგება მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელი. მან ასევე პირობა დადო, რომ მეცნიერთა ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.
ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მხარს დაუჭერს ღია მეცნიერების პოლიტიკის განვითარებას, რაც ქვეყნის მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში წარმატების მაჩვენებელს გაზრდის.
ჩხენკელმა განაცხადა, რომ ყველა უნივერსიტეტში დაიწყო საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა. საგრანტო ოფისები ქართველ მეცნიერებს დაეხმარება შექმნან და განახორციელონ სამეცნიერო პროექტები წამყვან ევროპულ კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.
უწყების ათწლიან გეგმებშია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც. შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამეცნიერო ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურული პროექტების ყოველწლიური დაფინანსება 2030 წლისთვის 30 მლნ ლარს მიაღწევს, ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 243 მლნ ლარს შეადგენს.
ადრონული თერაპიის ცენტრი
უწყების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ჩხენკელი ასევე შეეხო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგაპროექტსა და პერსპექტივებს. მისი თქმით, ქუთაისი რამდენიმე წელიწადში განათლებისა და მეცნიერების ევროპული სტანდარტების შესატყვისი რეგიონული ცენტრი გახდება.
უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან ცნობილი უცხოელი პროფესორები, რომელთა რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.
ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრი შეიქმნება. მასში განთავსდება ორი ციკლოტრონი. ერთი მიმართული იქნება სიმსივნის მკურნალობაზე. მკურნალობა შესაძლებელი იქნება ულტრათანამედროვე მეთოდით – პროტონული თერაპიით. ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც ებრძვის მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებს, ხოლო ჯანსაღი უჯრედები უვნებელი რჩება. მეორე ციკლოტრონი განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. აღნიშნულ კვლევებს ქართველ მეცნიერებთან ერთად ცნობილი უცხოელი მეცნიერები განახორციელებენ.
„პირადად შევხვდი მსოფლიოს წამყვან მკვლევარებს ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით. მათ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ქუთაისში. შესაბამისად, ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კერა“, – განაცხადა ჩხენკელმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.