ინფლაცია და ფასები საქართველოში: ეროვნული ბანკი ახალ მიმოხილვას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ფასის მატების გამო მზესუმზირის ზეთი ერთ წელიწადში 96.1%-ით  გაძვირდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები 0.7%-ით გაიზარდა, აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში
უწყების ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე ყველაზე მეტად კარტოფილის 0.4%-ითა და გაზის გადასახადის 0.3%-ით გაძვირებამ იმოქმედა. ყველისა და პომიდვრის გაიაფებამ კი ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირებაზე მოახდინა გავლენა — თითოეულმა 0.2%-ით.
როგორც ეროვული ბანკის ივნისის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, წლიურ ჭრილში, ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას — 1.7%-ით, კომუნალური გადასახადები ახდენდა.
„როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამის მიზეზი, მეტწილად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულება და ასევე გარკვეული კომუნალური გადასახადების ზრდაა. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად, გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივნისში 1.6 პროცენტული პუნქტს მიაღწია“, —აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯანმრთელობის დაცვა წლიურად 11.6%-ით გაძვირდა, ხოლო სიგარეტის წვლილმა ინფლაციაში 0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
რაც შეეხება სურსათის წლიურ ინფლაციას, უწყების ცნობით, ამ მაჩვენებელმა 9.0%-მდე, ხოლო წვლილმა მთლიან ინფლაციაში 2.5%-მდე მოიმატა.
ივნისში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 18.4%-მდე  მოიმატა, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 5.5% შეადგინა. შერეული საქონელი კი 10.8%-ით გაძვირდა.