თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით ქედას მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო ამოქმედდა.
კერძოდ, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კომპანია Ajara Trading Group-მა პოლიეთილენის ყუთების წარმოება დაიწყო. საწარმო გადამუშავებული პლასტმასისგან სხვადასხვა ზომის ყუთებს ამზადებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის, ექსპორტზე გასატანად გამოიყენება.
„სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს შესაფუთი მასალა. სწორედ ამ საწარმოში მზადდება ის პოლიეთილენის ყუთები, რომლითაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადის ექსპორტზე“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრის ინფორმაციით, საწარმოში ათი ადგილობრივია დასაქმებული. საწარმოს მოსაწყობად 700 ათას ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 170 ათასი ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, ინვესტიციების ჯამური ღირებულება 5,5 მლნ ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3,7 მილიონ ლარზე მეტია.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.