Pfizer-ით ვაქცინაციის პროგრამაში ამბულატორიული დაწესებულებებიც ჩაერთვებიან

Pfizer-ის ვაქცინაზე საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. Pfizer-ით ვაქცინაცია ამბულატორიულ დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
„გადამწყვეტი კვირა“ – სპეციალისტები ახალი კოვიდ-შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ
ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში 120 ბრიგადა ემსახურება. ორი კვირის განმავლობაში დღიურად დაახლოებით 8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
გაბუნიას განცხადებით, აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციები იმდენად მინიმალურია, რომ სრულებით შესაძლებელია Pfizer-ით ვაქცინაცია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.
„თბილისში არის რამდენიმე დიდი, ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათშორისი საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა Pfizer-ით ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოზე ასევე იმსჯელეს სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებებს დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით.
საქართველო ხვალ Pfizer-ის ვაქცინის დამატებით 168 ათას დოზას მიიღებს
„რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზებული სერვისებით. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით, რაც განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 464.875 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 153.128 ადამიანი.