სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
ევროპარლამენტი საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეეცდება
„საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს“, – წერია ზურაბიშვილის Facebook-გვერდზე.
შეხვედრა საფრანგეთში გუშინ შედგა, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოდის.
შეხვედრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
„მიშელის შეთანხმებიდან“ გამოსვლით საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.