თუ სწავლის გაგრძელება საქართველოში გსურთ: განათლების სამინისტროს განცხადება

გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
Sputnik
 
თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, სამშობლოში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 
განისაზღვრა სტუდენტების უფასო პროგრამებზე დაფინანსების ოდენობა
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების  რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
უწყების ინფორმაციით, იმ სტუდენტებმა, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, მხოლოდ ერთი გამოცდა უნდა ჩააბარონ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
მსურველებმა რეგისტრაციის თაობაზე  განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. 
უწყების ცნობით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება  ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.