შარლ მიშელი რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, წინა პლანზე მოქალაქეების ინტერესები დააყენონ.
Sputnik
თბილისი,  29 ივლისი – Sputnik. საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი იწყება, ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 
აშშ-ის საელჩო: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს“
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. თავის დროზე შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
„მე გავითვალისწინე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება სთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. მე ასევე მხედველობაში მივიღე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი. მე კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შარლ მიშელი ვერ ხედავს სიღრმისეული საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების, თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას.
„მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის ვალდებულება აიღონ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან საქართველოში“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.