თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფმა, პეტ ტუმის ხელმძღვანელობით, ულტიმატუმი წაუყენა თეთრ სახლსა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით, იუწყება Bloomberg-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, სენატორები ადმინისტრაციისგან ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვენ გაზსადენისთვის., ვინაიდან მიაჩნიათ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ შეერთებული შტატების ინტერესებს ზიანს აყენებს.
„გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პირდაპირ ვნებს შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. დამთავრების შემთხვევაში, ეს პროექტი გაზრდის ვლადიმირ პუტინის დამღუპველ გავლენას ევროპაზე, გამოიწვევს უკრაინის მყიფე უსაფრთხოების დესტაბილიზაციას და წაახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, — ნათქვამია წერილში, რომელიც უკვე გაეგზავნა ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს.
იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაზსადენის მიმართ „პოზიციას არ შეცვლის და ახალ სანქციებს არ დაუწესებს პროექტს“, სენატორები იმუქრებიან, რომ ფინანსთა სამინისტროში ორი კანდიდატურის — ბრაიან ნელსონისა და ელიზაბეტ როზენბერგის ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნას ჩააგდებენ.
გარდა ამისა, რესპუბლიკელები მოითხოვენ იმ სასანქციო შეღავათების გაუქმებას, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციამ ოპერატორ კომპანია Nord Stream 2-ს დაუწესა.
მიმდინარე წლის 21 ივლისს აშშ-მა და გერმანიამ შეთანხმებას მიაღწიეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ბერლინი იტოვებს უფლებას, კვლავ მოითხოვოს სანქციების დაწესება რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ენერგორესურსებს სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის არაღად გამოიყენებს. საკუთარი სანქციების დაწესების უფლებას იტოვებს აშშ-ც.
შეთანხმების კიდევ ერთი პირობის თანახმად, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ, ბერლინმა უნდა მიაღწიოს უკრაინის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტის გაგრძელებას.
გარდა ამისა, აშშ და გერმანია თითო მილიარდ დოლარს ჩადებენ უკრაინაში განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, ხოლო ბერლინი მხარს დაუჭერს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ ენერგოსისტემაში. ამ საკითხში ქვეყანას ტექნიკური მხარდაჭერა გაეწევა.