ევროპარლამენტი საქართველოში მორიგი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას შეეცდება

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონ–ტაუბადელი უკვე თბილისშია. ქართველ პოლიტიკოსებთან მისი შეხვედრის მთავარი თემა აუცილებლად იქნება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დემარში, რომელმაც ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება გააუქმა.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ებროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონ–ტაუბადელი კონსულტაციების გასამართად თბილისში გამთენიისას ჩამოვიდა.
პირველი არხის“ ინფორმაციით, კრამონმა თბილისის აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. კონკრეტულად რომელ ქართველ პოლიტიკოსებთან გამართავს ის კონსულტაციებს, ჯერ უცნობია.
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას გაუქმებულად აცხადებს
ევროპარლამენტის დეპუტატი თბილისში სასწრაფოდ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის.
ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარება „საშინელი პოლიტიკური თამაშის“ შედეგია, რომელიც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყეს.
თავის Twitter-ში ვიოლა ფონ კრამონმა გაიზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ახალი ინტერვიუ. პოლიტიკოსი აჯამებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შედეგებს, რომელსაც შარლ მიშელიც ესწრებოდა. ზალკალიანი საუბრობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პერსპექტივებზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის როლზე საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში, ასევე აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილს ხელმოწერი შეთანხმება ყველა მხარემ შეასრულოს.
„საქართველოს უკანასკნელი საშინაო მოვლენების შემდეგ დავით ზალკალიანის „ევრაქტივთან“ ინტერვიუ სასაცილოდ გამოიყურება. „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას... სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა.
სწორედ კრამონი უნდა გაძღოლოდა სამუშაო ჯგუფს, რომელიც „მიშელის შეთანხმების“ რეალიზაციისთვის შეიქმნა. ევროპელი კანონმდებლებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრები უნდა გამართულიყო ფორმატში „ჟან მონეს დიალოგი“.
არჩევნების ან პარლამენტის ბოიკოტი – როგორ უპასუხებს ოპოზიცია „ოცნების“ გადაწყვეტილებას
„მიშელის შეთანხმებიდან“ გამოსვლით საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტია 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.