თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ზუსტად 100 დღის შემდეგ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გააუქმა შარლ მიშელის შეთანხმება, რომლისკენაც მხარეები დასავლელი პარტნიორების შუამავლობით თითქმის ნახევარი წელი მიდიოდნენ.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო მონაწილეობით იყო შედგენილი. სპეციალურად ამისთვის მას არაერთხელ მოუწია თბილისში ჩამოსვლა.
შედეგად მიმდინარე წლის 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში 2020 წლის არჩევნების შედეგად გასული ცხრა პარტიიდან ექვსმა. დოკუმენტს არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
სწორედ ეს ფაქტი მოიშველიეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათი მოულოდნელი გადაწყვეტილების არგუმენტად. ამასთან, მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.
აშშ–ის რეაქცია
ეს არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა ამერიკელი სენატორებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. მკვეთრი განცხადება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე შვიდი სენატორისგან შემდგარმა ორპარტიულმა ჯგუფმა გაავრცელა.
„ძალზე იმედგაცრუებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრის იმ რეფორმებს, რასაც 19 აპრილის შეთანხმება ედო საფუძვლად. შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ თანამშრომლობდა პოლიტიკურ პარტიებთან, რათა დადებულიყო ძლიერი მრავალპარტიული შეთანხმება, რომელიც გზას გაუხსნიდა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. იმედები გაგვიცრუა იმან, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა.“
სენატორები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საქართველო დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ისინი აღნიშნავენ, რომ პირველ რიგში სწორედ მმართველი პარტიაა ვალდებული, „დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს“.
სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპების წინსვლაში მარცხმა შეიძლება დააზიანოს ქვეყნის ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ხელი შეუშალოს ინტეგრაციის პროცესს ნატოსა და ევროკავშირში.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე ნეგატიურად შეაფასა ასევე სენატორმა, საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ჯიმ რიშმა.
„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – დაწერა ჯიმ რიშმა Twitter–ში.
დასანანი უწოდა „ოცნების“ გადაწყვეტილებას აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა.
„ეს ძალიან სამწუხაროა. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ ინკლუზიურობას და თამაშის თანაბარ პირობებს. სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია აქედან გავიდა“, – დაწერა კარპენტერმა Twitter–ში.
ევროპის რეაქცია
19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე Twitter–ის თავის გვერდზე წერს ევროპარლამენტის დეპუტატი, რუმინელი პოლიტიკოსი კორინა კრეცუ.
„საქართველოს სტაბილურობა და ევროპული გზა არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, ეს უნდა იყოს გარანტირებული! ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ძალისხმევას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა უზრუნველყოს, რომ 19 აპრილის შეთანხმება სრულად იყოს დაცული“, – დაწერა კრეცუმ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა ასევე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.
„ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან ახლოს ყოფნის საუკეთესო ხერხი არ არის, როცა აშშ–ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის კრიტიკას გამოიწვევს“, – წერს ილვესი თავის გვერდზე Twitter–ში.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია გამოხატა ასევე შვედეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა კარლ ბილდტმა.
„სერიოზული და ღრმად სამწუხარო მოვლენების განვითარება საქართველოში – მმართველმა პარტიამ მიატოვა ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე“, – წერს ბილდტი.
ასეა თუ ისე, საქართველო ახლა მორიგი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. მის კიდევ ერთხელ განმუხტვას შეეცდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი – ის საქართველოს პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდისთვის ემზადება.