ბადრი ჯაფარიძე: ბრძოლას პარლამენტიდან გავაგრძელებთ

28 ივლისს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე ორი თვით ადრე, მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად  გამოაცხადა.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას აგრძელებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. 
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს
ბოლო ორ დღეში საპარლამენტო მანდატები ოპოზიციური პარტიების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ნიკა მელიამ და ზურაბ ჯაფარიძემ დატოვეს. მათ პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ინიციატივით 19 აპრილს ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმება.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მათი ამოცანა შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებაა.
„ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის, რომ განხორციელებულიყო ყველა ცვლილება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული. ამიტომ სანამ ამ მიზნებს არ მივაღწევთ, ჩვენ პარლამენტში ვრჩებით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან“, – განაცხადა ჯაფარიძემ. 
შარლ მიშელი რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციებს იწყებს
თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%–ზე ნაკლებს მიიღებდა.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.