თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის, დაწერა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა twitter–ზე.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. შეთანხმების მიზანი ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან საპარლამენტო საქმიანობისადმი ბოიკოტის შეწყვეტა იყო. ოპოზიცია მმართველ გუნდს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა. შეთანხმების ერთ–ერთი პუნქტი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%–ზე ნაკლებს მიიღებს.
„პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძირს უთხრის საჭირო რეფორმების გატარებით ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის,”- დაწერა პრაისმა Twitter-ზე.
შეთანხმებიდან გამოსვლის მიზეზებზე საუბრისას „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დოკუმენტზე ხელი აქამდე არ მოუწერია ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს, „ნაცმოძრაობის“ ჩათვლით, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები ამ ფაქტს რეაგირების გარეშე ტოვებენ.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ძირითადი მოთხოვნები შესრულებულია – ციხიდან გამოუშვეს ოპოზიციური ტელეარხის „მთავარი“ თანამფლობელი გიორგი რურუა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური რეფორმები. ამგვარად, „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მისია და ამოწურა თავი ინიცირებიდან 100 დღის შემდეგ.