თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის ეფექტურობა დროთა განმავლობაში მცირდება და მეორე დოზით აცრიდან ოთხი-ექვსი თვის შემდეგ დაახლოებით 84%-მდე ეცემა, განუცხადა ტელეარხ CNBC-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ.
მისი თქმით, კომპანიამ ჩაატარა კვლევა, რა დროსაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 44 ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინის ეფექტურობა აცრიდან ორი თვის შემდეგ კვლავ მაქსიმალურ დონეზეა შენარჩუნებული (96,2%), ყოველი შემდგომი ორი თვის განმავლობაში კი ის საშუალოდ 6%-ით მცირდება და ოთხი-ექვსი თვის შემდეგ დაახლოებით 84%-ს აღწევს.
„კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მესამე დოზა, ბუსტერი, იმუნურ პასუხს ისეთ დონემდე გაზრდის, რომელიც „დელტა“ ვარიანტისგან დაცვისთვისაც საკმარისი იქნება“, — აღნიშნა ბურლამ.
ამასთან მან განმარტა, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობის შემცირება იშვიათობა არ არის, და რომ სამი დოზის გამოყენება სხვა დაავადებების შემთხვევაშიც ხდება.
როგორც ალბერტ ბურლამ განაცხადა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის Pfizer-ი აპირებს ოფიციალურად წარუდგინოს აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს მონაცემები COVID-19-ის წინააღმდეგ მესამე დოზით ვაქცინირების უპირატესობის შესახებ.
ამ დროისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებს (CDC) მესამე დოზით ვაქცინაციის რეკომენდაცია გაცემული არ აქვთ. როგორც ჯანმოში განაცხადეს, ორგანიზაცია ჯერ ისევ სწავლობს რევაქცინაციის აუცილებლობას ვირუსის მიმართ დაცვის გაძლიერების მიზნით.
„ამ დროისათვის ჩვენ არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს საიმისოდ, რომ ასეთი რეკომენდაცია გავცეთ. ახლა არაერთი კვლევა ტარდება იმისთვის, რომ ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციები შევიმუშავოთ“, — აღნიშნა ჯანმოს იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოპრეპარატების განყოფილების დირექტორმა კეიტ ო’ბრაიენმა.