ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება

დაზიანებული გზის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ძლიერმა წვიმამ გუშინ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან ხიდი დააზიანა. ადგილზე გუშინ დილიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია, ხოლო უმოკლეს ვადებში საავტომობილო მიმოსვლა გზაზე სრულად აღდგება.
უწყების ცნობით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში.
ადიდებულმა მდინარემ დასავლეთ საქართველოში საავტომობილო გზა დააზიანა - ვიდეო
საავტომობილო მოძრაობა აღდგა ლენტეხი–მესტიის გზაზე, სადაც გუშინ მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური გზა დააზიანა.
რაც შეეხება გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს – დურაშს, ტვიბსა და საყდარს (ქვემო სვანეთი), მიმდინარეობს მათთან მისასვლელი გზის გაწმენდა.
ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რითიც მეწყრული პროცესების პროვოცირება მოხდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმიანი ამინდი 29 ივლისამდე შენარჩუნდება.