თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოვლინდა და 26.642 ერთეული ფარმაცევტული პროდუქციის კონფისკაცია მოხდა, ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხოლოდ ივლისში ერთ-ერთ აფთიაქში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 17 დასახელების 2,4 ათასზე მეტი ფარმაცევტული პროდუქცია ამოიღეს. აღნიშნული პრეპარატები „პირველ ჯგუფს“ მიეკუთვნებიან და სპეციალურ კონტროლს ექვემდებარებიან.
სხვა შემთხვევაში კომპიუტერის კორპუსში გადამალული იყო 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.
სააგენტოს ცნობით, მოხდა არალეგალური ფარმაცევტული პროდუქციის კონფისკაცია და დალუქვა. დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.