საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაცია დაიწყო

მონეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში, ხოლო 30 ივლისიდან მონეტები რეგულატორის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში გაიყიდება
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ახალი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო, რომლებიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით და აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების ხაზგასასმელად მოიჭრა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.
საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. ერთი მომხმარებელი მხოლოდ ერთი მონეტის შეძენას შეძლებს. მონეტის ფასი 100 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა
მონეტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში, ხოლო 30 ივლისიდან მონეტები რეგულატორის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში გაიყიდება. მონეტა 27 ივლისიდან 15 დღის განმავლობაში გაიყიდება.
მონეტა 925-ე სინჯის ვერცხლისგანაა დამზადებული. 33 მმ დიამეტრის მონეტის წონაა 15,5 გრამი.
ეროვნულმა ბანკმა ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა დაიწყო
მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ზეთისხილის რტო, რომლის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია დედამიწის გამოსახულება ლურჯ და თეთრ ფერებში, ხოლო მარჯვენა მხარე ასახავს კლიმატური ცვლილებების თანმდევ დამანგრეველ მოვლენებს, როგორებიცაა გვალვა, ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა. რკალში დატანილია წარწერები „დედამიწის დღე", „5ლ" და სიტყვები ინგლისურად Thank და Think.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული გამოსახულებების ერთობლიობა, რაც მოიცავს დედამიწის ნახევარსფეროს მოხაზულობაში განთავსებულ ქართულ ორნამენტებს, ყლორტს მწვანე ფოთლებით, ადამიანებისა და ცხოველის სილუეტს და წარწერას Earth Day. ასევე რევერსზე დატანილია წარწერები „5 ლარი" და „2021". წრიულ რკალზე გამოსახულია ქართული ორნამენტები და წარწერები Georgia და „საქართველო".