საეკლესიო კალენდარი: 28 ივლისი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამების, ასევე მოწამეთა: კვირიკეს და ივლიტას, მოწამე აბუდიმეს, მოციქულთა სწორი ვლადიმერის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
ხსენება ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა
ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება გარდამავალია - იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.
საეკლესიო კალენდარი: 27 ივლისი
მსოფლიო კრებებს, ჩვეულებრივ, ეკლესიაში მართლმადიდებლური სწავლებისა დასამტკიცებლად და ერესის სამხილებლად იწვევდნენ. ამ კრებებზე სულიწმიდის კარნახით გაცხადებული და ფორმულირებული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი - დოგმატები მტკიცე ზღუდედ არტყია მართლმადიდებლობის სიწმიდეს.
გარდა დოგმატური საქმიანობისა, წმიდა კრებების მამები დაუცხრომლად იღვწოდნენ საეკლესიო დისციპლინის განმტკიცებისთვისაც. როგორც ცნობილია, ადგილობრივი კრებები ადგენდნენ თავიანთ წესებს პრაქტიკულ საკითხებზე ეკლესიის სახელმძღვანელოდ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობა მოითხოვდა ერთობას კანონიკურ პრაქტიკაშიც, ესე იგი უმთავრესი კანონიკური ნორმების დადგენას და დამტკიცებას მსოფლიო კრებების მამათა მიერ. ამგვარი ნორმები დგინდებოდა ყოველ მსოფლიო კრებაზე, გარდა V და VI კრებებისა, რომლებზეც მხოლოდ დოგმატური საკითხებით იყვნენ დაკავებულნი.
ექვსი მსოფლიო კრების მიერ ნაკურთხი საეკლესიო კანონები დაედო საფუძვლად სჯულისკანონს (787 წლის VII მსოფლიო კრების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის 861 და 879 წლების ადგილობრივი კრებების კანონები მათ მოგვიანებით, ფოტიოსის დროს დაემატა), რომელიც წარმოადგენს მადლმოსილ კანონიკურ ნორმას, გამოსაყენებელს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიათა პრაქტიკაში.
საეკლესიო კალენდარი: 26 ივლისი
წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა 
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.
როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.
საეკლესიო კალენდარი: 25 ივლისი
უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.  ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.
ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.
წმიდა მოწამე აბუდიმე
წმიდა მოწამე აბუდიმე ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ტენედოსზე დაიბადა. ნეტარი უსჯულო იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს აღესრულა ქრისტესთვის.
მოციქულთასწორი ვლადიმირი
მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით - ბასილი) ნეტარი ოლღას შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა - სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული - გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა - თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ დაიბადა დაახლოებით 960 წელს ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.
საეკლესიო კალენდარი: 24 ივლისი
ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 978 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხელთ კიევის სამთავრო, ძმა - იაროპოლკი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლისთავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე, მაგრამ,  უფალმა ბოროტს დამონებული მთავარი თავის რჩეულ ჭურად გამოარჩია: ვლადიმირი დაეჭვდა ხელით ქმნილი ღვთაებების ძლევამოსილებაში და ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყო ძიება.
როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.
მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას - ანას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.
 სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების - ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს. ვლადიმირმა მიუგო: მე ისედაც დიდი ხანია, მომწონს თქვენი სარწმუნოება და გამომიგზავნეთო მეფის ასული.
საეკლესიო კალენდარი: 23 ივლისი
მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. 
გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი.
ღვთის სიყვარულით ანთებული მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. მათ მრავალმა ბოიარმაც მიჰბაძა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის: „ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა - მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა - ჩემი მტერი იქნება!“ მეორე დღეს ურიცხვი ერი მოადგა ნაპირებს. მიტროპოლიტმა აკურთხა მდინარის წყალი და შეუდგა ნათლობას... ეს მოხდა 988 წელს.
ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად.  
სევდიანი იყო ნეტარი მოციქულთასწორის ცხოვრების დასასრული: მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოიჭრა ქვეყანაში და სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა პავლე მოციქულის ცხოვრებას მიმსგავსებული მიწიერი ცხოვრება.
 
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.