თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოში ვაქცინირებულ პირებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.
უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესახებ ცნობა შემდეგ ინფორმაციას მოიცავს:
იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია აღნიშნული ცნობა მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრშიც, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
უწყების ინფორმაციით, მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მათი ცნობა წარუდგინონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე.
საქართველო QR–კოდით ევროკავშირის სივრცესთან მიერთებული არ არის, თუმცა შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას.