თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალურ ეტაპზეა და ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
21 წლის ბექაურმა, რომელიც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ოლიმპიადა პოლონელი პიოტრ კუჩერასთან გამარჯვებით დაიწყო. მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო და მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მისი დამარცხება ზედიზედ ორი ვაზარით შეძლო. კოჩმანის შემდეგ მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლატ ბობონოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ახალგაზრდა ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ ეტაპზე რუს მიხაილ იგოლნიკოვს შეხვდა, რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი შერაზადიშვილი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. ბექაურსა და იგოლნიკოვს შორის შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ლაშამ მეტოქეს ერთი ვაზარით აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროს მედლის მოსაპოვებლად ლაშა ბექაურმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი უნდა დაამარცხოს. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელის ფინალურ ეტაპზე ხილვა მიმდინარე ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სენსაციაა. მიუხედავად ამისა, ტრიპელმა ჯერ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა, შემდეგ კი სამხრეთკორეელ დონგ-ჰან გვაკსა და უნგრელი კრისტიან ტოტს აჯობა. ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანელმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონი თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰალ ზგანკის ბარიერიც დაძლია და ოლიმპიური მედალი სენსაციურად გაინაღდა.