თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო.
კომპანიამ „ბეკი“ სამკერვალოს მოსაწყობად 34.600 ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის, 27.680 ლარი სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებაა. სამკერვალო საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული.
„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერაა.
„აღსანიშნავია, რომ დაფინანსებული 30-ზე მეტი პროექტის თანადაფინანსება 3.7 მილიონ ლარზე მეტია, ინვესტიციის ჯამური ღირებულება კი 5,5 მლნ ლარს აჭარბებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ.
„სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.