დავზოგავთ და გადავიხდით – როგორ გეგმავს კალაძე გარე განათების შეცვლას

დედაქალაქის მასშტაბით გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას
Sputnik
 
თბილისი, 28 ივლისი  — Sputnik. თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
კალაძემ ასე უპასუხა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც, მისი თქმით, მიზანმიმართულად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
 „მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა ძველი ნათურები შეიცვალოს ახალი, თანამედროვე ლედ-სანათებით. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, რომ თითქოს ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით 90 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ნათურების შეძენა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. 
სამშენებლო ამნისტია ამოქმედდა – თბილისის მერმა დეტალები განმარტა
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის კონცეფცია. მისი თქმით, ახლა ქალაქის გარე განათებისთვის გამოიყენება ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას.  მათი ლედ-სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის დაახლოებით 60-70 პროცენტს. 
 „ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თანხა და თავად შეცვალოს სანათები. მიღებული ეკონომიიდან კომპანიას აუნაზღაურდება მომსახურებისა და პროდუქციის ღირებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებით სახსრები არ გამოიყოფა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გარე განათების სტანდარტის შემუშავება თბილისის მერიამ ტენდერით შერჩეულ კომპანიას დაუკვეთა. პროექტის მიზანი დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლება და მოწესრიგებაა.