თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მსხვილი ასტეროიდებისა და კომეტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ და საფრთხეს უქმნიან კაცობრიობას, ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, ნათქვამია გაეროს კოსმოსური სივრცის სამშვიდობო მიზნებით გამოყენების საკითხთა კომიტეტის (COPUOS) ანგარიშში.
„ჩვენი შეფასებით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ 40% იმ ობიექტებისა, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზომა აქვთ და დედამიწას უახლოვდებიან“, — ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან ირკვევა, რომ 2020 წელს ასტრონომიული ობსერვატორიების მსოფლიო ქსელმა, რომლებიც 40 ქვეყანაშია განლაგებული, დაახლოებით 39,5 მლნ ჩანაწერი შეკრიბა ასტეროიდებსა და კომეტებზე დაკვირვების შესახებ. 2021 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, მეცნიერებისთვის ცნობილია 25.647 ობიექტი, რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან.
ამასთან მხოლოდ გასულ წელს აღმოჩენილია 2.959 კომეტა და ასტეროიდი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.