ვაქცინაციის მიუხედავად: თეთრმა სახლმა ჟურნალისტებს კვლავ მოსთხოვა პირბადის ტარება

მანამდე CDC-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანებიც კი შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდებები იყვნენ.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თეთრმა სახლმა განაახლა მოთხოვნები ჟურნალისტების მიმართ და პირბადის ტარება დაავალდებულა ყველა რეპორტიორს, რომლებიც ადმინისტრაციის ბრიფინგებს ესწრებიან — იმისდა მიუხედავად, არიან თუ არა ისინი ვაქცინირებული, იუწყება მასმედია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პულის ჟურნალისტებზე დაყრდნობით.
იშვიათად, მაგრამ მაინც: ვაქცინირებულებს „დელტა“ შტამის გადადება შეუძლიათ
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის ადმინისტრაციამ ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) განახლებული რეკომენდაციები გაითვალისწინა, რომელმაც შეერთებულ შტატებში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის მნიშვნელოვანი გავრცელების გამო კვლავ მოითხოვა შენობებში პირბადის ტარება ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად. მანამდე ეს მოთხოვნა მაისში გაუქმდა ვაქცინაციაში მიღწეული პროგრესის გამო. თუმცა ივნისში ვაქცინაციის ტემპები შენელდა და აშშ ვერ გავიდა დასახულ ნიშნულზე, რომელიც მოსახლეობის 70%-ის აცრას გულისხმობს.
„ჩვენ ვითვალისწინებთ CDC-ს რეკომენდაციებს. როგორც დღეს დადგინდა, ვაშინგტონში კორონავირუსით ინფიცირების დონე მნიშვნელოვნად მაღალია“, — განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
მანამდე CDC-ს ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა, რომ კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული ადამიანები იშვიათ შემთხვევებში შეიძლება „დელტა“ შტამის გადამდებები იყვნენ. მისი თქმით, ეს ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს და შეერთებულ შტატებში რეკომენდაციების განახლებას მოითხოვს.
ამ დროისათვის კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.