სუს-მა აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ვაჭრობის ფაქტები გამოავლინა

30 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით, სამართალდამცველების მიერ 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი საქართველოს მასშტაბით 27 აფთიაქში გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აფთიაქები, სადაც სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ერთობლივი ღონისძიებების შედეგად არის გამოვლენილი. 
უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ 27 აფთიაქიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის ავტორიზებულია მხოლოდ სამი, ხოლო დანარჩენს სათანადო ნებართვა არ გააჩნდა. თუმცა როგორც ავტორიზებულ, ასევე ნებართვის არმქონე აფთიაქებში სისტემატურად ხორციელდებოდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე რეალიზაცია.
ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღებისთვის სასჯელი მკაცრდება
მიმდინარე წლის 30 ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი.
საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეძენილია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა - ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა.
გარდა ამისა, აღნიშნულ აფთიაქებში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია სამალავები პირველ ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქციით. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გადაიგზავნა სასამართლოში.
ამჟამად სუსში აღნიშნული აფთიაქების თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.
სუს-ის ცნობით, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული ყველა პირის მიმართ უმოკლეს ვადაში დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.