თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.
პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შედგა.
შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები იყო, კუჭავამ აღნიშნულ არჩევნებზე ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია მოიწვია.
შეხვედრის დასასრულს დემსმა პარლამენტის თავმჯდომარისგან მიიღო თანხმობა, რომ იგი ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მთავარი სპიკერი იქნება, რომელიც სექტემბერში, ათენში გაიმართება.
შეხვედრა უმრავლესობასთან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებს ცალკე შეხვდა.
როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს დელეგაცია ოპოზიციის წევრებით შეივსება და ჯამში საპარლამენტო ასამბლეაში ათი პარლამენტარით იქნება წარმოდგენილი.
„პირველ რიგში, ჩვენ შევეხეთ საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის მუშაობის საკითხს. ეს დელეგაცია ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ მასზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს.
„მიუხედავად იმისა, ეს თვითმმართველი ორგანოების არჩევნებია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნებზე ფართოდ იქნებიან დამკვირვებლები წარმოდგენილი, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მწუხარება გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა და დავგმეთ ძალადობა. ჩვენ მომხდარის დეტალები განვმარტეთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფრის, მათ შორის, ძალადობის ვერაღკვეთის მიზეზი. ასევე მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია გამოძიების პროცესის შესახებ“, – განაცხადა კობახიძემ.
5 ივლისს ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქცია ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებზე მასობრივ თავდასხმაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად 53 ჟურნალისტი და ორი რიგითი მოქალაქე დაშავდა.
რაზე იმსჯელეს ოპოზიციასთან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ერთ–ერთი თემა 5 ივლისის მოვლენები იყო.
„რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო 5 ივლისის მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ საკუთარი აზრი გამოვთქვით. საუბარი შეეხო ასევე სასამართლო რეფორმას და 19 აპრილის შეთანხმების უპირობო შესრულებას. დეტალურად ვისაუბრეთ. იყო ძალზე პრინციპული საკითხები, თუმცა, როგორც ვთქვი, მისი გასაჯაროების უფლება არ მაქვს“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის ავტორია, რომელსაც 19 აპრილს ხელი მოაწერეს ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ. დოკუმენტზე ხელმოწერაზე ამ დრომდე უარს აცხადებს ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ჩვენ შეთანხმებაზე ხელმოწერის რეკომენდაცია მოგვცეს, რათა „ქართულ ოცნებას“ არანაირი საბაბი არ მივცეთ. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარმოვადგინეთ. მთლიანობაში შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური იყო და ბატონ პრეზიდენტს მართლა აქვს სრული ინფორმაცია“, – განაცხადა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ყველა იმ თემასთან დაკავშირებით არის ინფორმირებული, რაც ქართულ საზოგადოებას აწუხებს.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივუთითეთ, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას” შეთანხმებების უპატივცემულობა და დარღვევა ახასიათებს, რაც ვნახეთ, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობებში. აუცილებელია იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან იმისთვის, რომ შეთანხმება სრულად განხორციელდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არჩევნების წინ სიტუაციის შესაძლო დაძაბვის საკითხი წამოწიეს.
თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ არჩევნების წინ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება. ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია, თავდასხმები, რომლებიც სულ უფრო ხისტ ფორმებს იძენს, ჩვენ ამაზეც ღიად ვისაუბრეთ. გარდა ამისა, ჩვენ სიტუაციის გამოსვლის საკუთარი ხედვა წარმოვადგინეთ“, – განაცხადა სამნიძემ.
რიკ დემსის გზავნილები
ორივე მხარესთან შეხვედრების შედეგად პრეზიდენტმა დენსმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა. საკუთარ გამოსვლაში მან უთანხმოება არ დამალა ქვეყანაში პოლარიზაციის დონესთან დაკავშირებით.
„თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე მძიმე სიტუაციაა. ნორმალურია, როდესაც უმრავლესობა ოპოზიციას არ ეთანხმება და პირიქით. ამას დემოკრატია ჰქვია. მაგრამ მე იშვიათად მინახავს ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც ამდენად პოლარიზებულია... შეეცადეთ პოლარიზაციის დონის შემცირებას, ეცადეთ ისეთ საკითხებზე იმუშაოთ, რომელიც ეხება ხალხს, რამდენადაც პოლიტიკა მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა დემსმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას.
„შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ყოველგვარი გადადების გარეშე უნდა შესრულდე... შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ იგი პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი კომპონენტები უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რიკ დემსმა.
ასამბლეის პრეზიდენტი ასევე შეეხო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს და მას საინტერესო უწოდეს.
„ოქტომბერში თქვენ გაქვთ არჩევნები. რამდენადაც მესმის, ეს იქნება არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი. ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, თქვენ რაღაც ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს. ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია – ოპოზიცია მთავრობის წინააღმფეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა რიკ დემსმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.