პირადობის მოწმობებზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელი ხდება

სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ  ეკუთვნით.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. იუსტიციის სამინისტროს  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი სერვისი დანერგა – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
მერია: ბათუმის პლაჟი შშმ-პირთათვის ადაპტირებულია
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანა შესაძლებელია თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი.
გარდა ამისა, მოთხოვნის შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
ასევე, თუ მოქალაქე უკვე ფლობს  პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის  შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმპ-ის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან შვიდი სამუშაო დღის ვადაში დაიტანება.
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია, წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
უწყებაში აღნშნავენ, რომ ეს სიახლე შშმ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათითა და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.