თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. „ლოკდაუნის“ შემოღება კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო არ იგეგმება, რათა ეკონომიკის ვარდნა არ მოხდეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
სამშაბათს საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს. ერთ დღე-ღამეში ვირუსი თითქმის 3,7 ათას ადამიანს დაუდასტურდა.
„არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს. ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კორონავირუსს და არა ჩაკეტვით“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.
მისი თქმით, ხელისუფლება წერტილოვან შეზღუდვებსაც არ გეგმავს.
„ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. რაიმე სექტორული, წერტილოვანი თუ უფრო მკაცრი შეზღუდვის, რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრმა გაიხსენა, როგორ ნეგატიურად აისახა ჩაკეტვა ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი მინუს 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით“, – აღნიშნა თურნავამ.
დღეისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიარა 418.398 ადამიანმა, საიდანაც 142.254 მოქალაქე ორჯერადად არის აცრილი, რაც მოსახლეობის დაახლოებით 3,8%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების გათვლებით, საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის აუცრელი ნაწილისთვის რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს.