იმნაძე: საქართველოში  კორონავირუსზე 12 წლის ბავშვი აიცრა

ამ დროისთვის  საქართველოში იმუნიზაციის პროცესში 16 წლიდან პირები არიან ჩართული, რომელთა ვაქცინაციაც Pfizer–ით ხორციელდება
Sputnik
 
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თუ გადაწყვეტს, რომ კონკრეტული ვაქცინებით ბავშვების აცრა დასაშვებია, ამას საქართველო გაითვალისწინებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ. 
საქართველოში 16 წელს ზემოთ პირთა ვაქცინაცია იგეგმება
იმნაძის განმარტებით,  საქართველოში უკვე იყო პრეცედენტი, როდესაც 12 წლის ბავშვი აიცრა, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული  ჩვენება.
 „ბავშვებთან დაკავშირებით პრეპარატ Pfizer–ის ინსტრუქციაში წერია, რომ მისი გამოყენება 12 წლიდან მოზარდებში შესაძლებელია, აქედან გამომდინარე, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია დაიწყო. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი, ამის თაობაზე ნებართვას მივიღებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც  დავწევთ ასაკობრივ ზღვარს“, – განაცხადა იმნაძემ.
 ამ დროისთვის საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში 16 წელს ზემოთ პირებიც არიან ჩართული, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ აშშ–დან  ნახევარი მილიონი დოზა Pfizer საჩუქრად მიიღო.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის  3.666 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  პანდემიის დასაწყისიდან  დღემდე ინფიცირების  407 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 376 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 5.731 ადამიანი.