თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ბათუმში ქართველი კინოდრამატურგის, მაყურებლისთვის საყვარელი და საერთაშორისოდ აღიარებული ფილმების სცენარის ავტორის სულიკო ჟღენტის სახელობის კინომუზეუმი გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს კინოაკადემიის განცხადებაში.
მუზეუმის მოწყობა წელს დაიწყება ხულოს ქუჩაზე სახლში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს
„მსოფლიოს ზღვისპირა ქალაქებში ერთგვარი სახელოვნებო ტენდენციაა კინომუზეუმების არსებობა. ბათუმი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ასეთი სამუზეუმო სივრცე“, – განაცხადა სცენარისტის შვილმა ოლიკო ჟღენტმა.
პროექტისა და მუზეუმის კონცეფციის ავტორი ოლიკო და ქეთევან ჟღენტები არიან.
კინომუზეუმის გახსნის ინიციატივა 2020 წლის 22 ივნისს კინოდრამატურგის დაბადებიდან 95 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროექტი აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სულიკო ჟღენტი 1925 წლის 22 ივნისს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა, სადაც მძიმედ დაიჭრა. შემდეგ ასწავლიდა სკოლაში ქართულ ენას, ბეჭდავდა მოთხრობებსა და ჩანახატებს ქართულ გაზეთებში. 1954 წელს დაამთავრა ВГИК–ის სასცენარო ფაკულტეტი. მის კალამს ეკუთვნის სცენარები შემდეგი ფილმებისა: „ჯარისკაცის მამა“, „ბურთი და მოედანი“, „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ნერგები“, „წუთისოფელი“, „რაჭა, ჩემო სიყვარულო“, „ფესვები“ „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“ და ა.შ.
არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი, საუკეთესო სცენარების შექმნისათვის მიღებული აქვს ლენინური და მემედ აბაშიძის პრემიები, საკავშირო კინოფერტივალების პრემიების ლაურეატი (1970, 1972, 1973).
სულიკო ჟღენტი გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია თბილისის დიდუბის პანთეონში.