ნაპოვნია მტკიცებულებები: ჩინეთი ასობით შახტს აგებს კონტინენტთშორისი რაკეტების გასაშვებად

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ თანამგზავრულ ფოტოებზე აღმოაჩინა სინძიანში მიწისქვეშა ბუნკერების მშნებელობის დამადასტურებელი ნიშნები
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლება მიწისქვეშა ბუნკერს აგებს, სადაც ასზე მეტი შახტის განთავსებაა შესაძლებელი  კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად, წერს გაზეთი Insider-ი ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციაზე (FAS) დაყრდნობით.
სი ცზინპინი: ჩინეთმა თავისი არმია მსოფლიო კლასის შეიარაღებულ ძალად უნდა აქციოს
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერებმა ამგვარი მშენებლობის მტკიცებულებები კომპანია Planet-ის თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. მათი თქმით, მშენებლობა სინძიანის ოლქში სავარაუდოდ მიმდინარე წლის მარტში უნდა დაწყებულიყო. ასეთი მიწისქვეშა შახტები, როგორც წესი, ბირთვული იარაღის მზიდი შორი მანძილის რაკეტებისთვისაა განკუთვნილი.
„იუმენსა და ჰამიში შახტების მშენებლობა ჩინეთის ისტორიაში ბირთვული იარაღის ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოებაა“, — მიაჩნიათ FAS-ის ექსპერტებს.
როგორც Insider-ი  წერს, ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ ჩინეთის ექსპანსია გაძლიერდება, ვინაიდან ამგვარი შახტების არსებობა ქვეყანას ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქცევს.
თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი შახტები უკიდურესად მოწყვლადია შეტევებისთვის და მათი სიმძლავრეები მაინც არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩინეთმა კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბირთვულ ზესახელმწიფოებს, როგრებიც არიან აშშ და რუსეთი.
ბირთვული იარაღის აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთს 350 ერთეული ბირთვული იარაღი აქვს, რაც ბევრად ნაკლებია რუსეთისა (6225 ერთეული) და აშშ-ის (5550) არსენალებზე.