თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ცნობილმა ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა ნინო სალუქვაძეს სპორტის ლეგენდა უწოდა. ამის შესახებ გასოლმა Twitter-ის ბიკრობლოგში დაწერა.
„ქართველი ნინო სალუქვაძე პირველი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ის 53 წლისაა და სეულიდან, 1988 წლიდან დაწყებული ყველა თამაშებში მონაწილეობდა. სპორტის ლეგენდა!" - წერს ესპანელი კალათბურთელი.
ტოკიოს ოლიმპიადამდე სალუქვაძე რეკორდს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მხრივ ინაწილებდა იტალიელ იოზეფა იდემთან (ბაიდარები) და კანადელ ლესლი ტომპსონთან (აკადემიური ნიჩბოსნობა). ახლა კი ქართველი სპორტსმენი ერთადერთი ქალია, რომელიც მეცხრე თამაშებზე გამოვიდა.
ამ მაჩვენებლით სალუქვაძე უტოლდება ჰუბერტ რაუდაშლსა (ავსტრია, იალქნიანი სპორტი) და აფანასი ნიკიტინს (სსრკ/ლატვია, სპორტული სროლა).
რეკორდსმენია კანადელი იან მილარი (ცხენოსნობა), რომელმაც 10 ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენი ქალია, რომელსაც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული. 1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი აიღო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 25 მ დისტანციაზე და იქვე გახდა ვერცხლის პრიზიორი პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლაში. პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე სალუქვაძემ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.
სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიადაზე სალუქვაძე წარუმატებლად გამოვიდა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში (10 მ დისტანცია) და ტურნირის ფინალში ვერ გავიდა.
რაც შეეხება 41 წლის გასოლს. ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ორგზის ვერცხლის პრიზიორია (2008, 2012), ასევე 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. გარდა ამისა, გასოლი არის მსოფლიო ჩემპიონი (2006), ევროპის სამგზის ჩემპიონი. NBA-ს ორგზის ჩემპიონი.