თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2021 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
სოფლის განვითარების სააგენტო კი 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა გასულ წელსაც მოქმედებდა. ამ პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა შარშან 50 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად – ფერმერებმა 11 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.