თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების დროს საკომპენსაციო განაკვეთების და გაცემის პირობების განმსაზღვრელ კანონპროექტზე პარლამენტში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის მოძრაობას „სამართლიანი მედიცინა“.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.
„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები გაიცა. მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგორც სხვა შემთხვევებში, და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო წინადადება კარგია, მაგრამ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მის საკანონმდებლო გაფორმებაზე იმუშავებს. ხუნდაძის თქმით, ამ პროცესში ჩაერთვება ყველა კომპეტენტური უწყება – ჯანდაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები.
დიმიტრი ხუნდაძემ კანონპროექტზე მუშაობაში ჩართვისკენ ოპოზიციასაც მოუწოდა.
„ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველა ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პანდემიის დაწყებიდან საქართველოში კორონავირუსის გამო სამედიცინო პერსონალის 100-ზე მეტი წარმომადგენელი გარდაიცვალა, ხოლო 33% დაინფიცირდა.