თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია 26 ივლისიდან იწყება.
Pfizer-ის ვაქცინაზე საქართველოში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა.
საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში 120 ბრიგადა მოემსახურება. ორი კვირის განმავლობაში დღიურად დაახლოებით 8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
Pfizer-ის ვაქცინის მორიგ პარტიას ქვეყანა აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა ქვეყანამ 23 ივლისს მიიღო.
Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
კლინიკების ჩამონათვალი, სადაც Pfizer-ით აცრის გაკეთება იქნება შესაძლებელი, ეტაპობრივად ფართოვდება.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია ჩაიტარა 404.339-მა პირმა, აქედან სრულად, ორი დოზით აცრილია 139.756 ადამიანი.