თბილისი, 25 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ასპარეზობას ტრავმის გამო დაასრულა.
ტატიანამ, რომელიც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, პირველ რაუნდში ჰაიტელი სპორტსმენი საბიანა ანესტორი იპონით დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ქართველი უკვე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ფრანგ ამანდინ ბუშარს შეხვდა. ტატიანა შეხვედრას ვაზარით აგებდა, თუმცა ორთაბრძოლა ბოლომდე არ შედგა. ლევიცკა-შუკვანმა ფეხის ტრავმა მიიღო და მან ტატამი ვადაზე ადრე დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ოლიმპიადაზე მაყურებელი კიდევ ერთ ქართველ ქალ ძიუდოისტს იხილავს. ეთერ ლიპარტელიანი ტატამზე 26 ივლისს გავა.