თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა უკვე აღდგენილია, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა დღეს დაახლოებით დღის 15:45 საათისთვის გაჩერდა. კომპანიის ცნობით, მეტროს სადგურები იქ მყოფმა მგზავრებმა შეუფერხებლად დატოვეს.
ხაზის გაჩერება „სამედიცინო ინსტიტუტისა“ და „ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის მონაკვეთზე წარმოქმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.
„საბურთალოს ხაზზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და მატარებლები ისევ ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ“, - აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.
მატარებლების მოძრაობა სრულად 17:05 საათზე აღდგა.