თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოცურავეს მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლას ვეღარ შეძლებს, ამის შესახებ ქართული გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა განაცხადა.
„გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს“, – მოჰყავს კახაბრიშვილის სიტყვები „პირველ არხს“.
მარიამ იმნაძეს ოლიმპიადაზე 28 ივლისს უნდა ეასპარეზა - 100 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით შეჯიბრებაზე. 20 წლის იმნაძისთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში პირველი უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, ტოკიოში ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტსმენების რაოდენობა 35-დან 34-მდე შემცირდა.