თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. 16-18 წლის ასაკის პირებს ვაქცინაციისთვის აუცილებლად დასჭირდებათ მშობლის, ან უფლებამოსილი მეურვის თანხმობა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ხუთშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, Pfizer-ის ვაქცინით ნებადართულია 16 წელს ზემოთ ასაკის პირთა ვაქცინაცია.
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქეებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება“, - განაცხადა გაბუნია.
სრული ვაქცინაციისთვის უნდა ჩატარდეს ორჯერადი აცრა 21 დღიანი ინტერვალით.
საქართველოში Pfizer-ის პრეპარატით ვაქცინაციის მეორე ეტაპი 16 ივლისს დაიწყო და ამჟამად ვაქცინაცია 37 კლინიკაშია ხელმისაწვდომი.
ივლისის ბოლომდე საქართველოში ამ სიის გაფართოებას 95 კლინიკამდე გეგმავენ, სადაც იქნება მობილიზებული 160 ბრიგადა. აგვისტოში ბრიგადების რაოდენობა 250-მდე უნდა გაიზარდოს.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ქვეყანაში ხელმისაწვდომია ისეთი პრეპარატები, როგორიცაა AstraZeneca, Pfizer, Sinopharm და Sinovac.