თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდა.
წილისყრის შედეგად ჩხვიმიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს შეხვდა. ლუხუმმა ჰუსეინოვთან სუფთა გამარჯვება, შებოჭვის ხარჯზე მოიპოვა და ფავორიტ იაპონელ ტაკატოზე გავიდა. ტაკატომ პირველ ეტაპზე ბელგიელი ვერსტაერენი, შემდეგ კი იაპონელი ნაოჰისა დაამარცხა.
ჩხვიმიანსა და ტაკატოს შორის დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების შემდეგ გამარჯვება მასპინძელ სპორტსმენს დარჩა. ჩხვიმიანს ორი გაფრთხილება ჰქონდა დაგროვებული და დამატებითი დროის მეოთხე წუთზე არბიტრმა ის მესამედ გააფრთხილა, რაც ავტომატურად მარცხს ნიშნავს.
მიუხედავად მარცხისა, ჩხვიმიანი ოლიმპიადაზე ასპარეზობას რეპეშაჟიდან გააგრძელებს და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ შემდეგ დღეებში საქართველოს სახელით ძიუდოს შეჯიბრებაზე მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი ეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლაშა ბექაური (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).
რიგით 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი ასპარეზობს.