თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ზუგდიდში 65 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო მიმდინარე წლის 23 ივლისს ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მამა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა და ტარება.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.