თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. Pfizer-ის „ბუსტერზე" რეგისტრირებული მოქალაქეები ჯავშანს ვერ მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე ავრცელებს.
დღეს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათისთვის დარეგისტრირდა 134.400-ზე მეტი ადამიანი, თავისუფალი იყო 18 ათასზე მეტი ადგილი. როგორც ჩანს, ზოგიერთი მოქალაქე დარეგისტრირდა ე.წ. ბუსტერზე, ანუ ორჯერადი ვაქცინაცია უკვე ჰქონდა მიღებული და მესამე დოზაზე დაიჯავშნა ადგილი.
„ვინც Pfizer-ის გარდა სხვა ვაქცინებით ხართ აცრილი და მაინც გადაწყვიტეთ გაურკვეველი მიზეზით ექსპერიმენტის ჩატარება ან არ ვიცი რა, Pfizer-ზე გაიარეთ რეგისტრაცია და სისტემამ გაგიშვათ, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვენ მესამე დოზით Pfizer-ით შეძლებთ აცრას, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ტვირთავთ სისტემას თქვენი „ექსპერიმენტით" და საბოლოო ვალიდაციის შედეგად თქვენი განაცხადი მაინც უარყოფილი იქნება“, - წერს თავის Facebook-გვერდზე კასრაძე.
მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში ყველა მოქალაქე Pfizer-ის პრეპარატით „ბუსტერით“ აიცრება.
აგრეთვე, მისი თქმით, თუ ადამიანმა გაიკეთა პირველი დოზა ნებისმიერო ვაქცინით და შემდეგ გადაიტანა კორონავირუსი, მას მეორე დოზის მიღება ისევ იგივე პრეპარატით მოუწევს. თუმცა გადატანის შემდეგ აცრილს კიდევ უფრო მყარი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება, ამიტომ, მისი თქმით, მეორე დოზა ამ შემთხვევაში სავალდებულო არ არის.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვიდა. ქვეყანაში აღნიშნული პრეპარატის კიდევ ერთ მილიონზე მეტი დოზა უნდა შემოვიდეს.
20 დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი Pfizer-ის ვაქცინის 250 ათასი დოზა, დანარჩენი 250 ათასი დოზა მეორე ინექციისთვის იქნება შენახული.
Pfizer-ით ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური ვაქცინების - Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მილიონი დოზა მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
24 ივლისის დილის მონაცემებით, სულ აცრილია 398.454 პირი, ორჯერადად აცრილია 137.978 ადამიანი.